X
მისწერე მინისტრს მოითხოვე საჯარო ინფორმაცია

შიდა ქართლში სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია მიმდინარეობს

15 აგვისტო 2025

საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი შიდა ქართლის რეგიონში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის პროექტების განხორციელებას აქტიურად აგრძელებს.

გორის, კასპის და ქარელის მუნიციპალიტეტების სოფლებში არსებული საჯარო სკოლები სრულად განახლდება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად. სამუშაოების მიმდინარეობას ადგილზე ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე, მზია გიორგობიანი, აგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნო.

პროექტის ფარგლებში მოსწავლეებისთვის შეიქმნება უსაფრთხო, კომფორტული და მათ განვითარებაზე ორიენტირებული გარემო. ახალი და რეაბილიტირებული სკოლები აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საკლასო ოთახებით, ბიბლიოთეკით, სამეცნიერო ლაბორატორიით, სპორტული მოედნებითა და კეთილმოწყობილი ეზოთი.

სკოლებში სრულად განახლდება გათბობის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემები. ჩატარდება ენერგოეფექტურობის სამუშაოები – სახურავისა და კედლების თბოიზოლაცია, რაც ხელს შეუწყობს ზამთრის პერიოდში ენერგიის დაზოგვას და შენობებში თბოს შენარჩუნებას. ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.

საჯარო სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია ხორციელდება მსოფლიო ბანკისა და სკანდინავიური გარემოს საფინანსო კორპორაციის სესხის, ასევე საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის თანადაფინანსებით.

პროექტის შედეგად, 1170-მდე მოსწავლე უკვე შეძლებს სარგებლობა სრულად გამართული და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სასკოლო ინფრასტრუქტურით.